მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:

ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით;

ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე.

გ) ამ კანონის 15-1 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე. (28.06.2010. N3159 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.)

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული;

გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

4. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

5. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ