მუხლი 26. სალიცენზიო ხელშეკრულება

1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.

2. ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.

3. თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება.

4. განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან. (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

6. სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული, საქონლის ხარისხს.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

7. სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს ”საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით.

9. ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.

10. სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა ან ლიცენზია არ ვრცელდება მესამე პირის სახელზე ადრე გაცემულ ლიცენზიაზე.

 11. სალიცენზიო ხელშეკრულების დადება ისეთი სასაქონლო ნიშნის თაობაზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ