მუხლი 25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.

3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ითვალისწინებს საქონლის მთლიან ჩამონათვალს ან მის ნაწილს.

4. საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.

6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

6-1. უფლებების გადაცემა სასაქონლო ნიშანზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებების მიმღებ პირს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება. (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

7. სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

8. სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ