მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილი იქნება რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.

4. თუ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ იქნა წარდგენილი „საქპატენტში“ ან საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული საფასური. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის მოქმედების გასვლის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

5. ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადების „საქპატენტში“ წარდგენისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მფლობელს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.
6. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მისი მფლობელის მოთხოვნით გაუქმდა, რეგისტრაციის აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ