მუხლი 15. გამოქვეყნება

1. ”საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში  ბიულეტენი).

2. თუ განმცხადებელი სარგებლობს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ”საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სააპელაციო პალატის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.

2-1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის მიერ საქონლის მთლიანი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ გამოტანილ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

3. ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.  

4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა. (28.06.2010. N3159 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.))

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ