მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების  ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში, ხოლო თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს  ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება დამატებითი მასალის მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად.

3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის  მიღებაზე დასაბუთებული უარი.

4. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, ”საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო ასეთი შერჩევის  არარსებობის შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე ”საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ