მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

1. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ”საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.

2. ”საქპატენტს“ შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა ”საქპატენტს“ წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევისას ”საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის მოთხოვნით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

4. ”საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის განაცხადებზე ინფორმაციას გასცემს მხოლოდ პრიორიტეტის დადგენის შემდეგ.

5. განმცხადებელს უფლება აქვს: (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი;

გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება;

დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე;

ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა დასაშვებია, თუ მისი შეწყვეტა მოხდა განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებამდე, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული ინსტრუქციით ”სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.“

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ