მუხლი 11. პრიორიტეტი

1. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.  (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის ”საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.

3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ გამოფენაზე მისი ჩვენების დღიდან შესაბამისი განაცხადის ”საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა. საგამოფენო და საკონვენციო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია ”საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ ”საქპატენტს“ და განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთები.    

5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური გადაიხდება განაცხადის ”საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო. (20.12.2005 N 2380 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ