მუხლი 07. განსაკუთრებული უფლების ფარგლები

1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:

ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების  მქონე პირის სასაქონლო ნიშანს;

ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს  საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;

გ) დაცული  სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, მათ შორის, თუ ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი. ამ შემთხვევაში დაცული სასაქონლო ნიშანი მესამე პირმა უნდა გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ