მუხლი 05. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:

ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია, მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ანდა ასეთი სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში;

ვ) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;

ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს –საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე;

ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ