მუხლი 04. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები

1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც:

ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) წარმოადგენს ერთ არასტილიზებულ (სტანდარტულ) ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ ფერს;

გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;

დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;

ე) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება;

ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება;

ზ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;

თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;

ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას, ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო, სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენსა და მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას, ფულის ნიშანს, ან წარმოადგენს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიმბოლოების იმიტაციას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

2. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც:

ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით;

ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ