მუხლი 8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა (30.12.2008 N 971)

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:
ა) რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები;
ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
Comments