მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები (30.12.2008 N 971)

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმო ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ) შეასრულოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ხელშეკრულებითა და ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში საწარმოს უფლება აქვს წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული თანხა ან მისი ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით მოითხოვოს შესაბამისი ცვლილების შეტანა (მათ შორის, გადახდის ვადისა და თანხის შემცირება) დავალიანებების დაფარვის შესახებ გაფორმებულ გრაფიკში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.
3. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში კრედიტორებს, რომლებმაც საწარმოს თანხმობა მისცეს დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
4. იმ კრედიტორებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, უფლება არა აქვთ განსაკუთრებულ შემთხვევებში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს მიმართ სასამართლოში აღძრან საქმე დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
Comments