მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია. (30.12.2008 N 971)
2. კომისიას უფლება აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესწავლისას მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. (30.12.2008 N 971)
3. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ; (30.12.2008 N 971)
ა1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ; (30.12.2008 N 971)
ა2) ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ; (30.12.2008 N 971)
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სასესხო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;
გ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, სასესხო დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით; (30.12.2008 N 971)
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების შესახებ;
ე) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ;
ვ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.
4. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: (30.12.2008 N 971)
ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის განხორციელებაზე იმ კრედიტორთა თანხმობას, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოების თანხმობას მათ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ საწარმოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს გამგებელი, ხოლო სხვა შემთხვევაში – საკრებულო, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ვ) წინადადებებს ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას, შედარების აქტს საბიუჯეტო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;
თ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით), დამოწმებულს საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
ი) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ დასკვნას;
კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე. (30.12.2008 N 971)
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. (30.12.2008 N 971)
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. (30.12.2008 N 971)
8. ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან. (30.12.2008 N 971)
9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებსა და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე. (30.12.2008 N 971)
10. კომისიამ სახელმწიფო დახმარების გაცემის გეგმის, დახმარების შეცვლის ან/და განხორციელებული დახმარების შესახებ უნდა აცნობოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს. (03.06.2005 N 1556)

Comments