მუხლი 1. ტერმინთა განმარტება (30.12.2008 N 971)

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტები ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი;
ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;
გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ჯამურ საგადასახადო ვალდებულებასა და მის მიერ ცალკეული გადასახადების ან/და სანქციების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის სხვაობა, რომელიც არ არის გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში დაუფარავი ვალდებულება;
ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის შეუძლებლობა;
ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმები, საურავები, პირგასამტეხლო და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება ამ კანონით დადგენილი წესით;
ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების შეჩერება განსაზღვრული ვადით;
თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების გადახდის ვალდებულების განვადება;
ი) განსაკუთრებული შემთხვევა – როდესაც ვადაგადაცილებული საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია ხორციელდება განმეორებით:
ი.ა) იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და საწარმოს აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი;
ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე მიუღებელი ანაზღაურების გამო, რომელიც უნდა დაფინანსებულიყო ბიუჯეტიდან;
კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ამასთანავე, საწარმო ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან ან/და ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Comments