მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს  გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი;
ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;
გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება სააგენტოს. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით; (14.03.2008 N5924)
ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე  ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად  წარდგენაზე;
ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება  და გარეაუდიტორული დასკვნა.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. (14.03.2008 N5924)
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
Comments

დამახსოვრება