მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა;
გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;
დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად ან ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისათვის და არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.
Comments