მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო  და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები, მათ შორის, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის  შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. (14.03.2008 N5924)
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.
Comments