მუხლი 9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა (14.03.2008 N5913)

1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სამეწარმეო ამხანაგობაში – ყველა მონაწილეს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (სამეწარმეო ამხანაგობის შემთხვევაში – მონაწილეთა ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზანს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები მეწარმე სუბიექტს წარმოადგენენ მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში, თუ წესდებით (სამეწარმეო ამხანაგობის შემთხვევაში –მონაწილეთა ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წარმომადგენლობის სახე და წესი (ინფორმაცია უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ) აღინიშნება სამეწარმეო რეესტრში. სამეწარმეო რეესტრში მითითებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.  
4. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ასეთი ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს (ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ.
თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი.  ამ პირების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოებაში აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, ხოლო ყველა დანარჩენ საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.
7. დირექტორებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, წესდებით და მათთან დადებული ხელშეკრულებით.
8. იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც იმავდროულად არიან საჯარო მოსამსახურეები, მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ სათანადო ანაზღაურების გარეშე და მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობად.
9. თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.
Comments