მუხლი 7. რეესტრის საჯაროობა (14.03.2008 N5913)

1. ვიდრე რეესტრში ჩასაწერი ფაქტები არ იქნება რეგისტრირებული და გამოქვეყნებული, დაუშვებელია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს მონაცემები მათთვის ცნობილი იყო.
2. თუ ფაქტები რეგისტრირებული და გამოქვეყნებულია, დასაშვებია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ.
3. თუ რეგისტრაციისათვის აუცილებელი ფაქტები არასწორადაა რეგისტრირებული ან გამოქვეყნებული, მესამე პირს შეუძლია იმ პირთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც იყო ეს ფაქტები რეგისტრირებული, დაეყრდნოს რეგისტრირებულ ან გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ იგი ენდობოდა მათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან იცოდა ამ უზუსტობის შესახებ.
4. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალთან საქმიან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც განხორციელებულია ძირითადი საწარმოს 
იურიდიული მისამართის მიხედვით. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალთან (მუდმივ დაწესებულებასთან) საქმიან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც განხორციელებულია ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართის მიხედვით.
Comments