მუხლი 69. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი (14.03.2008 N5913)

1. 2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას და მათი ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით არ მოითხოვება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით.
3. იმ საწარმოებზე, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესები.
4. საწარმოთა იმ წილების მიმართ, რომლებზედაც 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით იქნა დარეგისტრირებული გირავნობა  სამეწარმეო რეესტრში, გირავნობა გავრცელდება 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით მანამ, სანამ არ მოხდება გირავნობის გაუქმება ან მოგირავნესთან შეთანხმებული წესით გირავნობის ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.
5. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს რედომიცილებისათვის საჭირო წესები და პროცედურები.
6. საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციების რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით.
Comments