მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო (14.03.2008 N5913)

1. კოოპერატივს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ დამსწრე ხმების უბრალო უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არ უმეტეს 15 წევრისაგან. წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.
საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრებს უფლება აქვთ, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო.
კრებამ შეიძლება გააუქმოს საბჭოს წევრობა საარჩევნო ვადის გასვლამდე. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების 3/4.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები.
გამგეობიდან გასული წევრები მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად.
3. სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას თავისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება  და წლიური მოგების განაწილების წინადადებები. შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.
სამეთვალყურეო საბჭომ კანონით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს       საერთო კრება.
სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს. 
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.
Comments