მუხლი 63. საერთო კრება (14.03.2008 N5913)

1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი.
3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდებით შესაძლებელია  დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება. 
4. წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირების ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიულ პირთა ხმის უფლებას ახორციელებს მათი კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტურ საზოგადოებათა ხმის უფლებას – წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკურ პირთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს ნოტარიალურად.
5. არავის არა აქვს უფლება, თავისთვის ან სხვა პირისთვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან რომ უნდა განთავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან ამ შეცვლილი წევრის მიმართ.
6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.
7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა 1/10 ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზედაც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს.
8. საერთო კრება მოიწვევა სულ ცოტა 3 კვირის ვადაში საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით.
საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ.
9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ.
ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და მას ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება კოოპერატივში. 
10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში.
წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრები გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის შესახებ მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები. 
11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება ნოტარიალურად უნდა იქნეს დამოწმებული. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში სხვა რამ არ არის მითითებული):
ა) პაის გაზრდა;
ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;
გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;
დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;  
ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;
ვ) პაის დაყოფა;
წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.
Comments