მუხლი 6. საფირმო სახელწოდება (ფირმა)(14.03.2008 N5913)

1. საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი.
2. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. დამატებები დაიშვება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
3. სამეწარმეო ამხანაგობის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი მონაწილის სახელს, „სამეწარმეო ამხანაგობის“ დამატებით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს, „სპს“-ის დამატებით. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს, „კს“-ის დამატებით. თუ სამეწარმეო ამხანაგობაში, სპს-სა და კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას ამ მუხლში აღნიშნული შესაბამისი დამატებით.
4. პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან შეიძლება ეს სახელწოდება იყოს ფანტაზიის ნაყოფი; მაგრამ იგი უნდა შეიცავდეს: სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ან „კორპორაცია“; შპს-ის შემთხვევაში – დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“; კოოპერატივის შემთხვევაში – დამატებას „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“. იმ საწარმოს მიმართ, რომლის სახელწოდებაც შეიცავს სიტყვას „საზოგადოება“, „საზოგადოების“ ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მიხედვით) სიტყვა „კომპანია“. „შპს“-ის ნაცვლად შეიძლება მხოლოდ სიტყვა „კომპანიის“ გამოყენება.
5. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ან/და პარტნიორთა ურთიერთობის გამო.
Comments