მუხლი 59. კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვების გზით ან აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით (14.03.2008 N5913)

1. აქცია განთავსებულად ითვლება, თუ ის გაცემულ იქნა საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ (მიუხედავად იმისა, ეს საზღაური მიღებული აქვს საზოგადოებას თუ არა).
2. იმ აქციების მიმართ, რომლებიც განთავსებულია ან/და რომლებზედაც საერთო კრების მიერ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება განთავსების შესახებ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი „გამოშვებული აქციები“.
3. აქცია ნებადართულად (განცხადებულად) ითვლება, თუ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი მომავალში შესაძლო განთავსების შესახებ. ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.
     4. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილ იქნეს ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო (საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო ან/და დირექტორი) უზრუნველყოფს ახალი აქციების განთავსებას.
5. ნებადართული აქციების ფარგლებში ახალი აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და კლასს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს ან/და სხვა დამატებით პირობებს.
6. აქციათა განთავსებას ახორციელებს დირექტორი (ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო).
7. საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ მის მიერ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები გაუქმებულ იქნეს, რაც ნიშნავს ნებადართული აქციების რაოდენობის შემცირებას გაუქმებული აქციების რაოდენობით. საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში, რაც არ მოითხოვს საერთო კრების გადაწყვეტილებას.
8. აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეიძლება კაპიტალის გაზრდით, ამ მუხლის შესაბამისად. საერთო კრებამ ან წესდებით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვების სხვა გზა.
 
Comments