მუხლი 5-7. საწარმოს რედომიცილება (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. შესაძლებელია უცხო ქვეყნის საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა (რედომიცილება) საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად.
2. საქართველოში რედომიცილებული საწარმო შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.
3. საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს უფლება აქვს, გადაიტანოს რეგისტრაცია უცხო ქვეყანაში საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული საწარმოს რედომიცილება;
ბ) საწარმოს წინააღმდეგ საქართველოში არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
გ) საწარმოს რედომიცილების დროისათვის საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.
4. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რედომიცილება არის საწარმოს რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული, საწარმოს რეორგანიზაციის მარეგულირებელი ნორმები.
5. უცხო ქვეყნის საწარმოს საქართველოში რედომიცილებისა და საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს უცხო ქვეყანაში რედომიცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
Comments