მუხლი 57. ანგარიში სამეურნეო მდგომარეობის შესახებ. მოგების გამოყენება (14.03.2008 N5913)

1. დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და ანგარიშს სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების განაწილებაზე, მაშინ მათი წმინდა მოგების განაწილების ორივე წინადადება უნდა აცნობონ საერთო კრებას. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დროს.
2. არ შეიძლება აქციონერებს მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია.
3. აქციონერს შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდეს საზოგადოებასთან (მათ შორის, იყოს დირექტორი ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) და მიიღოს მისგან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაური, რომელიც არ წარმოადგენს დივიდენდს.
Comments