მუხლი 5-4. ინდივიდუალური მეწარმისა და სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესი და პირობები (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ხოლო განცხადების დაზღვეული წერილით გაგზავნის ან წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში – კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ პირადობის მოწმობის ასლს.
2. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს;
ბ) განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
გ) განმცხადებლის პირად ნომერს;
დ) განცხადების შევსების თარიღს;
ე) განმცხადებლის ხელმოწერას.
3. ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისთანავე.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლით დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს.
5. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე.
6. განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. სამეწარმეო ამხანაგობა რეგისტრირდება საგადასახადო ორგანოში ერთ-ერთი იმ პირის მისამართის მიხედვით, რომლის სახელიც (სახელწოდებაც) მითითებულია სამეწარმეო ამხანაგობის სახელწოდებაში. 
8. სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) მონაწილეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო განცხადების დაზღვეული წერილით გაგზავნის ან წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში – კანონით დადგენილი წესით დამოწმებული პირადობის მოწმობის ასლები.
9. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) ყველა მონაწილის სახელს; იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდებას;
ბ) ყველა მონაწილის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიულ მისამართს;
გ) ყველა მონაწილის პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის ნომერს;
დ) საქმიანობის ხანგრძლივობას;
ე) განცხადების შევსების თარიღს;
ვ) განმცხადებლების ხელმოწერას; იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი წარმომადგენლის ხელმოწერას;
ზ) სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილე უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ, იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
10. სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილე ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან მეწარმედ რეგისტრირებული, ვალდებული არიან, სამეწარმეო ამხანაგობის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, რომლის საფუძველზედაც ეს პირები იმავდროულად რეგისტრირდებიან ინდივიდუალურ მეწარმეებად.
11. სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენისთანავე.
12. ინდივიდუალური მეწარმისა და სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.
Comments