მუხლი 53. აქციონერთა უფლება-მოვალეობები (14.03.2008 N5913)

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება.
2. აქციონერების წილი მოგებაში განისაზღვრება აქციათა რაოდენობისა და კლასის შესაბამისად. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობენ მოგების განაწილებაში შენატანის სიდიდის პროპორციულად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
31. აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.
32. აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს.
33. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ, საწარმოს წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები ვალდებული არიან, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები, ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად) უფლებამოსილი არიან შეიტანონ დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არა უადრეს 1 თვისა.
34. თუ ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი (კრების ინიციატორები) მიმართავენ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნით და ამ კრების ერთადერთი საკითხი არის დირექტორის (დირექტორების), მათ შორის, იმ დირექტორის, რომელიც არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გადაყენების მოთხოვნა, მაშინ კრება ტარდება ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით.
თუ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში არ იქნა მოწვეული რიგგარეშე კრება, მაშინ ამ კრების ჩატარების უფლება აქვთ კრების ინიციატორებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მიმართეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს).
ამ შემთხვევაში კრების ინიციატორები საზოგადოების ყველა აქციონერს დაზღვეული წერილით უგზავნიან რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ მოსაწვევს ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, დღის წესრიგის ერთადერთი საკითხის მითითებით. დაუშვებელია დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. ამ შემთხვევაში რიგგარეშე კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს შეუძლიათ ხელახლა მოიწვიონ კრება არა უადრეს პირველი კრების მოწვევიდან 20 დღისა. კრების ინიციატორები ხელახალ რიგგარეშე კრებას მოიწვევენ ამ პუნქტით დადგენილი წესით. ეს კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელიც საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორებს) ავალებს რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში ჩატარებას.
35. ხმების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ.
4. აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე.
5. თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
სასამართლოს მიერ აქციონერის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საზოგადოება ვალდებულია აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აქციონერს ეკისრება საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აქციონერის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს აქციონერს სასამართლო ხარჯების გადახდა.
Comments