მუხლი 5. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობები (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისთანავე.
2. საწარმოს სარეგისტრაციო განცხადება შეიცავს:
ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას;
ბ) საწარმოს სამართლებრივ ფორმას;
გ) საწარმოს იურიდიულ მისამართს;
დ) საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების), ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის  (პირების) (მათ შორის, პროკურისტის)  სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, პირად ნომერს და ხელმოწერას; თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს, იურიდიულ მისამართს, იმ ორგანოს დასახელებას, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღს და საიდენტიფიკაციო კოდს, მონაცემებს მისი წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს საქმიანობის ხანგრძლივობას (ვადიანი საწარმოს შემთხვევაში ვადა უნდა მიეთითოს წლებით);
ვ) თუ საწარმოს ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი, აღნიშვნას – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
ზ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული;
თ) განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღს.
3. საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები). ხელმოწერის ნიმუში უნდა დამოწმდეს ნოტარიუსთან ან უნდა შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს მოქალაქისათვის/ საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესის განსაზღვრა შეუძლია საქართველოს ფინანსთა მინისტრს. უცხო ქვეყნის იურიდიული პირების შემთხვევაში მათი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.
5. თუ პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) სარეგისტრაციო განცხადებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, იგი არ მოითხოვს ნოტარიალურ დამოწმებას. სხვა შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადება ნოტარიალურად უნდა დამოწმდეს.
6. განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პარტნიორს (პარტნიორებს) უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე.
8. საწარმოს აქვს წესდება (პარტნიორთა შეთანხმება), რომელშიც შეიძლება დადგინდეს საწარმოს კაპიტალის წილების პარტნიორთა შორის განაწილება, თითოეული პარტნიორის შენატანის ოდენობა და მათი სხვა უფლება-მოვალეობანი. რეგისტრაციის მიზნებისათვის საწარმოს წესდების წარდგენა არ არის სავალდებულო. საწარმოს მოქმედი წესდება უნდა ინახებოდეს თავად საწარმოში, ხოლო თუ პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრის მწარმოებელი პირი დამოუკიდებელი რეგისტრატორია, – ასევე მასთან.
9. რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
10. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.
Comments