მუხლი 5-2. საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაცია (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს:
ა) თუ საწარმოს პარტნიორთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია – თავად საწარმო ან დამოუკიდებელი რეგისტრატორი;
ბ) თუ საწარმოს პარტნიორთა რაოდენობა 50-ზე მეტია – დამოუკიდებელი რეგისტრატორი.
2. საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს თავად საწარმო ნოტარიალურად დამოწმებული გარიგების საფუძველზე.
3. ამ კანონის მიზნებისათვის დამოუკიდებელი რეგისტრატორი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.
4. დაუშვებელია საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება ერთდროულად სხვადასხვა დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ. ასევე დაუშვებელია საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება ერთდროულად საწარმოსა და დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ.
5. რეგისტრატორის დანიშვნა და შეცვლა დასაშვებია პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან თუ საწარმოში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება იწვევს მისი შეცვლის აუცილებლობას – ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. ინფორმაცია საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების შესახებ საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
7. ამ მუხლით განსაზღვრული წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრის წარმოებაზე და იგი იწარმოება ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
Comments