მუხლი 5-1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაცია (14.03.2008 N5913 ამოქმედდეს 2008 წლის 10 მაისიდან)

1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადება შეიცავს:
ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას;
ბ) საწარმოს სამართლებრივ ფორმას;
გ) საწარმოს იურიდიულ მისამართს;
დ) საწარმოს საქმიანობის ხანგრძლივობას;
ე) საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს;
ვ) საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) (მათ შორის, პროკურისტის) სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს;
ზ) განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის თარიღს.
2. საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას.
3. სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს). აღნიშნული ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის (პარტნიორების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.
4. სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილება ძალაშია სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
Comments