მუხლი 4. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია (14.03.2008 N5913)

1. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საწარმოს რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელ მისამართზე გაგზავნის შემდეგაც წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება საწარმოსათვის ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად.
2. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება ერთდროულად, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.
3. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში მიიღოს ამონაწერი რეესტრიდან. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, პირის მოთხოვნისთანავე.
4. ერთიანი სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ ვერსიას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
5. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, სამეწარმეო რეესტრის წარმოების პირობები, სამეწარმეო რეესტრის ფორმულარები, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებათა რეგისტრაციის განცხადების, სარეგისტრაციო მოწმობის და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
Comments