მუხლი 34. ცნება (14.03.2008 N5913)

1. კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები).
2. სრული პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.  კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
4. კომანდიტური საზოგადოების წესდების მიღების, მასში და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფლება აქვთ მხოლოდ სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს).
5. თუ სრული პარტნიორი (კომპლემენტარი) გამოთქვამს საწარმოდან გასვლის სურვილს, ან საწარმოს მიმართ იხსნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ან საწარმოდან გადის ყველა შეზღუდული პარტნიორი (კომანდიტი), ან საწარმოში შედის ახალი პარტნიორი, საწარმოს მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოს რეორგანიზაციის ღონისძიებები.
Comments