მუხლი 16. საწარმოს ფილიალი (14.03.2008 N5913)

1. საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო. საწარმოს შეუძლია ფილიალის დაარსების შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მარეგისტრირებელ ორგანოს ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, სამეწარმეო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია ფილიალის რეგისტრაციის თაობაზე.
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოში დარეგისტრირებულ საწარმოს შეუძლია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დააარსოს ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
4. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ამ კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ.
5. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების)  რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით.
6. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) რეგისტრაციაში გაატაროს დოკუმენტების წარდგენისთანავე.
Comments