მუხლი 10. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და იურიდიულ მოქმედებათა განხორციელების უფლებამოსილება (14.03.2008 N5913)

1. ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი –ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).
2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია მისი გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში.  
3. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი (პროკურისტი) რეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში. პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.
მიწის ნაკვეთის გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა. 
პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა და გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილებში. პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალები იმართება სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა განსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.
4. პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელსა და გვარს და პროკურის და სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.
5. პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების ხელყოფის გარეშე.
Comments