მუხლი 38–2 . სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პრინციპები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/ ნებართვის გაცემისას გამოიყენება ამ
კანონის 38-ე მუხლის ნორმები, ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადის მიუხედავად.
2. თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით რომელიმე იმ საქმიანობის
განხორციელებას, რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია, ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის
მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის
მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები. ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების
დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული
ლიცენზიის მიღების დროს.
4. სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და
დამატებითი სანებართვო პირობები მომსახურების შესაბამისად.
5. ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების
გაწევის შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები.
6. ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისთვის დადგენილი დამატებითი სანებართვო
პირობების დაუკმაყოფილებლობა არ არის სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმების საფუძველი. ამ
შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის
გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.
7. შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო პირობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში
გათვალისწინებულ იქნეს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებების განხორციელება
ისეთ საქმიანობებზე/ქმედებებზე, რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა
ნებართვა ან გაიცემა ისევ ლიცენზია ისე, რომ არსებითად არ იცვლება სალიცენზიო/სანებართვო პირობები.
აღნიშნული განხორციელდეს ავტომატურად, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მფლობელის განცხადების
საფუძველზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს
შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო/სანებართვო
მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და შესაბამისი
ლიცენზიისათვის/ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი
საბუთის წარდგენის შემთხვევაში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285