მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი
უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე
განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.
2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია
განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში
მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის
საფუძველზე.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან
ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა
განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26–1 და 26–2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26–3 მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების
განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 26–1, 26–2 და 26–3 მუხლებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ
შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 26–3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა
განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 26–1 და 26–2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული
ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური
პროცესები.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.