მუხლი 26. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ
კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26–1, 26–2, 26–3 და 26–4 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. (ამოღებულია – 11.10.2011, №5093).
3. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV
თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია
ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ნებართვის გამცემი
უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნებართვის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.
ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის
ვადაში.
5. დაუშვებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ
ნებართვის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ნებართვის გაცემის ვადის
გაგრძელების თაობაზე.
6. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნებართვის გაცემა კანონით
განსაზღვრულ ვადაში, ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს
მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი
ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის
მაძიებელს.
7. თუ კონკრეტული ნებართვის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული
საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ ქმედებით
გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია
დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3
თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ნებართვის
გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული
შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების
შესახებ.
8. ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუმადგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა
იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ნებართვის გამცემი ამ
მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს
მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის
გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.
9. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების
შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული
შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2
თვემდე გაგრძელების შესახებ.
10. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების
წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის
ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.
11. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ
მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო
მოწმობა.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1140 - სსმ I, №8, 08.04.2009 წ., მუხ.28
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2912 - სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.113
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.