მუხლი 26–4 . მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I
სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის
შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული
წარმოებით.
2. მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები
უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.
3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება
განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით.
დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.
6. პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი
შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების
მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ
განვითარების ინტერესი.
7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთი (პირი,
რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი
მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი
პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ