მუხლი 26–1 . გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის
შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო
რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (ქ. თბილისში – მერია).
2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების
დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის
მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის
მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის
გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა
იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ
კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო.
5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე
რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის
ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის
განთავსების ნებართვას. 
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236