მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას.
ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 2 და
26 3
 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის
მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური
მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის
დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი,
გარდა ამ კანონის 26–1, 26–2 და 26–3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა,
როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი
გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი
განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი
თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.
5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული
პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.
6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის
ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ
ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას.
7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების
დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის
დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების
დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით.
8. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების
დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც
გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და
წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით
დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის
გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ
ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები,
რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.
11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან
დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების
ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების
მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა
ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის
გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.
12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე
პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი.
13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი
გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე,
კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.
14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.
15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში
ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს
სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების
განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი
ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის
გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის
მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის
მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან
ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ
ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის
მოპოვება.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.