მუხლი 21. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის გამცემი.
ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია
კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ლიცენზიის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა
ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ
კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.
2. ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების
შერჩევითი შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1
მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის
გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს
საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს
წარუდგინოს ანგარიშგება.
4. თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის
მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიმართოს
ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების
დამადასტურებელი ინფორმაცია.
5. ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა
კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
6. ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ
სალიცენზიო პირობების შემოწმებით. ლიცენზიის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი
ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვასთან.
7. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ
ადმინისტრაციული აქტია. ლიცენზიის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია
ლიცენზიის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.
8. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია
მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.
9. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი
შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ლიცენზიის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ
რეესტრში.
10. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების
კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.