მუხლი 18. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების
საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის
ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.
4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება:
ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის.
დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.
5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და
საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი,
თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.
6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის
დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით
გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით
სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.
7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის
დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის
წამოდგენის საფუძველზე.
8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის
მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს
ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების
შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს
ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს
სხვა საშუალებებიც.
10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია,
რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.
12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის
წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ