მუხლი 17. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით
განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას
მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური
მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის
დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის
განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის
გამცემი.
5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში
მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5606 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.408
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4045 - სსმI, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.467