მუხლი 10. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის
ლიცენზიის სახეები.
2. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის გაცემა იმ ადმინისტრაციული წარმოების სახით,
რომელსაც არ ითვალისწინებს ეს კანონი, ან კონკრეტული ლიცენზიის გაცემის კანონით განსაზღვრული
ადმინისტრაციული წარმოების სახის შეცვლა სხვა ადმინისტრაციული წარმოებით.
3. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ
კანონის შესაბამისად.
4. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV
თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
5. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და
თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების
მოთხოვნებთან.
6. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ლიცენზიის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო
გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
7. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი
უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.
8. ლიცენზიის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა
მართავს ზეპირ მოსმენას.
9. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის
შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ
წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.
10. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია
ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი
უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე.
ლიცენზიის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის
ვადაში.
11. დაუშვებელია ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ
ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ლიცენზიის გაცემის ვადის
გაგრძელების თაობაზე.
12. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ლიცენზიის გაცემა კანონით
განსაზღვრულ ვადაში, ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს
მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი
ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის
მაძიებელს.
13. თუ კონკრეტული ლიცენზიის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-10 პუნქტის
შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული
საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით
გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია
დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის კიდევ 3
თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ლიცენზიის
გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული
შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების
შესახებ.
14. ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს
მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ლიცენზიის
გამცემი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია
საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის
ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.
15. ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების
შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული
შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული
ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.
16. ამ მუხლის მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გამცემი
უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
17. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების
წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის
ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.
18. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ
მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.