მუხლი 09. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს
წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი
სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური
მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის
დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო
ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის
ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის
დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.
5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული
პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.
6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე
ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო
პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.
7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების
დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის
დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან.
8. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების
დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც
გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და
წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით
დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის
გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო
ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები,
რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.
11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან
დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების
ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების
მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა
ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის
გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს.
12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე
პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი.
13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი
გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე,
კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.
14. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.
15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და
წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
16. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული
საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის
მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ
აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ.
დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი
შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე
ლიცენზიის გაცემას.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285