მუხლი 03. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის
კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის
განხორციელების უფლება:
ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული
სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა
ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის
ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;
ა.ბ) საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული
საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი
პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან
სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია;
ბ) გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე
განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული
საქმიანობის ლიცენზია;
გ) სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო
საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ
სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს
შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს
საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია;
დ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების
განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით
დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით
არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;
ვ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;
თ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ი) ლიცენზიის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს
ლიცენზიას;
კ) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს
ნებართვას;
ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად
ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო
პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენის პროცედურაზე ვრცელდება ამ კანონით
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესები და პრინციპები;
მ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის
გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება
დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების
დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან
ნებართვის მიღების მიზანს;
ნ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში
ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
ო) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში
ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
პ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს
უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა
ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;
ჟ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს
უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ
გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება;
რ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ
ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით
განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო
მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;
ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში ან შესაბამისი ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის
საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას
გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით
განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო
მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;
ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული
წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
უ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა,
რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით
განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;
ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგე-ნილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი
ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით
განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ქ) მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა
ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული
წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;
II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და
პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-
სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, № 29, 12.10.2009წ., მუხ.177
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონი №2040 - ვებგვერდი, 27.02.2014წ