მუხლი 31. ( ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულებები )

1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, ტირაჟის მოწყობის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობოს
შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომდევნო ტირაჟის მოწყობისას ამ
პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და მათში ასახული ინფორმაცია უცვლელი რჩება, შემდეგი
დოკუმენტები:
ა) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს მოწყობისათვის:
ა.ა) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ა.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ტირაჟიანი
ლატარიის, ლოტოს, ბინგოს ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს ბილეთებს ამზადებს ლატარიის
ორგანიზატორი;
ა.გ) ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს ბილეთების ნიმუშები (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
ბ) მომენტალური ლატარიის მოწყობისათვის:
ბ.ა) მომენტალური ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ბ.ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომენტალური
ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მომენტალური ლატარიის ბილეთებს ამზადებს ლატარიის ორგანიზატორი;
ბ.გ) მომენტალური ლატარიის ბილეთის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, სხვა ცვლილების (დირექტორის, იურიდიული მისამართის
შეცვლის, ბილეთების დამატებითი რაოდენობის ბეჭდვის და სხვა) შესახებ, რომელიც არ იწვევს თამაშობის
არსებით ცვლილებას, 3 დღით ადრე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და
მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა (გარდა ტოტოს
გათამაშებისა), რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის)
დაცვით და მათ შესაბამისად. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის
ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისგან.
4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე
ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ