მუხლი 20 . სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოპევების ზოგადი პრინციპები

1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა,
შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;
ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
თამაშობისა), სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნის,
თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის
მითითებით;
ა.გ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და თამაშის წესები;
ა.დ) პრეტენზიის განხილვის ვადა;
ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-
ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;
ბ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი
(მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;
ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი;
დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის
დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი,
თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ბ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი.
2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ
არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ.357
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.277
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ